ავიაციის ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონი 1945 წელს გამოვიდა ვუკოლ ბერიძის რედაქტორობით. წინასიტყვაობაში ვუკოლ ბერიძე წერს: ქართულ საავიაციო ტერმინოლოგიას მოკლე ისტორია აქვს, იგი დაიბადა საავიაციო ტექნიკუმის დაარსებასთან ერთად. 1942 წლის დასაწყისში ტექნიკუმის დირექტორის ინჟ. მ. ჯიბუტის თაოსნობით, ტექნიკუმთან ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა შეკრება და დადგენა ქართული საავიაციო ტერმინოლოგიისა. კომისიამ განიხილა და შეამოწმა დოც. გვარამაძის მიერ შეგროვებული და სისტემატიზებული ქართული საავიაციო ტერმინები და აგრეთვე ინჟ. დ. ხმიადაშვილის მიერ დამუშავებული თვითმფრინავთა რადიომოწყობილობის ტერმინები და წარადგინა ცენტრალურ სატერმინოლოგიო დაწესებულებაში, აკად. ნ. მარის სახ. ენის ინსტიტუტში, სადაც იგი შეივსო, საბოლოოდ დაზუსტდა და დადგინდა საერთო სავალდებულო ხმარებისათვის (რედ. ვუკოლ ბერიძე, 1945 წ. იანვარი). საავიაციო ტერმინები შესულია ტექნიკური ტერმინოლოგიის სხვადასხვა წლის გამოცემებში, თუმცა ეს მასალა ჯერჯერობით არავის შეუსწავლია და გაუანალიზებია. 2002 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლიბით გამოიცა სამენოვანი საავიაციო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. ქართულ ტერმინთბანკის ტერმინოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით სარედაქციო ჯგუფი იწყებს ტერმინთა ავიაციის ქართული ტერმინების შესწავლასა და კლასიფიკაციას უპირატეს, დასაშვებ, დაუშვებელ და მოძველებულ ტერმინებად. მუშაობის შედეგები გამოქვეყნდება მასალების სახით.